GEO
ჩვენი პარტნიორები
ევროპის კავშირი და EU4BUSINESS-ის ინიციატივა

ევროკავშირის წევრმა-სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს ერთმანეთთან დაეკავშირებინათ საკუთარი ცოდნა, რესურსები და მომავალი. მათ ერთად ააშენეს სტაბილურობის, დემოკრატიისა და მდგრადი განვითარების ზონა და ამავდროულად, შეინარჩუნეს კულტურული მრავალფეროვნება, ტოლერანტულობა და ინდივიდუალური თავისუფლებები. ევროკავშირი იღებს ვალდებულებას თავის საზღვრებს მიღმა სხვა სახელმწიფოებსა და ადამიანებს გაუზიაროს საკუთარი მიღწევები და ღირებულებები.
EU4Business-ი (ევროკავშირი ბიზნესისთვის) ე.წ. „ქოლგა“ ინიციატივაა, რომელიც სრულად აერთიანებს ევროკავშირის მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნებში – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. EU4Business-ი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, უკეთესი რეგულირების ხელშეწყობის, ბიზნესის მხარდამჭერი სერვისების გაუმჯობესებისა და სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენების საშუალებით. EU4Business-ის მეშვეობით ხდება სამუშაო ადგილების შექმნა და შენარჩუნება, მეტად იზრდება მცირე და საშუალო ბიზნესი და მისი წილი ექსპორტში. 2019 წელს EU4Business-მა მხარი დაუჭირა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას 116 პროექტის საშუალებით, რომელთა მთლიანმა ბიუჯეტმა 787,33 მილიონი ევრო შეადგინა.

GIZ-ი ( გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება )

GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) არის გლობალური მომსახურების მიმწოდებელი საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში მდგრადი განვითარებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო მიმართულებებით, რომელიც დაახლოებით 23 000 თანამშრომელს აერთიანებს. GIZ-ს 50 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა ეკონომიკური განვითარება
და დასაქმება, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, მშვიდობა და უსაფრთხოება. როგორც საზოგადოებრივი სარგებლის ფედერალური კომპანია, GIZ-ი მხარს უჭერს გერმანიის მთავრობას, კერძოდ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროს (BMZ) და მსოფლიოს 120 ქვეყანაში მრავალ საჯარო თუ კერძო დამკვეთს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით მიზნების მიღწევაში ეხმარება. ამისათვის, GIZ-ი პარტნიორებთან ერთად მუშაობს ეფექტური გადაწყვეტილებების შემუშავებისთვის, რაც ხალხს უკეთეს პერსპექტივას შესთავაზებს და მათი ცხოვრების პირობების მდგრად გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

გერმანიის ბიზნეს ასოციაცია (DWV)

გერმანიის ბიზნეს ასოციაცია (DWV) არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია. იგი აერთიანებს გერმანია-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში აქტიურ და დაინტერესებულ კომპანიებს. DWV საქართველოში 2007 წელს დაარსდა და დღეისათვის ჰყავს 180-ზე მეტი წევრი. ის არის Messe Frankfurt-ის, ასევე FRUIT LOGISTICA-ს და ექსპერტთა სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი.
DWV-ის მიზანია გერმანიასა და საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა და გერმანიის ეკონომიკის ინტერესების ადგილზე წარმოჩენა. DWV ასევე არის უპირველეს ყოვლისა სერვისის მიმწოდებელი და აქტიურად უჭერს მხარს გერმანულ კომპანიებს ქართულ ბაზარზე შემოსვლაში.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია / ICCA სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა სამშენებლო კომპანიებმა 2015 წელს დააარსეს. ორგანიზაციის მისიაა, დაიცვას წევრი კომპანიების ინტერესები, ხელი შეუწყოს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების, სტანდარტების დანერგვას, ბაზრის გაჯანსაღებასა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობას. ასოციაციამ სამშენებლო სექტორის განვითარების მიზნით, 4 ძირითადი მიმართულება განსაზღვრა პრიორიტეტად: ადვოკატირება-ლობირება; განათლება, კვლევა, ადამიანური კაპიტალის განვითარება; ნეთვორქინგი; პროფესიული მხარდაჭერა და სხვა ბენეფიტები. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია დღეისათვის აერთიანებს 51 კომპანიას, რომელთა ძირითადი ნაწილი მსხვილ სამშენებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე მშენებელი კომპანიებია. ასოციაცია აერთიანებს, ასევე, სამშენებლო მასალების მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებს, სამშენებლო ტექნიკის დილერ, საზედამხედველო, საპროექტო და ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს. ამასთან, ასოცირებული წევრების სტატუსის ქვეშ ICCA-ში გაერთიანებულები არიან კომპანიები, რომლებიც თავისი საქმიანობით არაპირდაპირ დაკავშირებულები არიან სამშენებლო სექტორთან და თავისი საქმიანობით პირდაპირ ან ირიბად ხელს უწყობენ ასოციაციის ძირითადი მიზნების მიღწევას. ICCA ორიენტირებულია მუდმივ განახლებაზე, გაფართოებასა და განვითარებაზე, და ღიაა იმ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან სათანამშრომლოდ, რომელთა ხედვაც თანხვედრაშია ასოციაციის მიზნებსა და მიმართულებებთან.

აწარმოე საქართველოში

„აწარმოე საქართველოში“ არის მთავრობის ეკონომიკური განვითარების სააგენტო, რომელიც მუშაობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში. მისი საბოლოო მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების მიღწევას სამი ძირითადი საყრდენიდან. კერძოდ: აწარმოე საქართველოში – ბიზნესი; აწარმოე საქართველოში – ინვესტიცია და აწარმოე საქართველოში ექსპორტი. სააგენტო აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობაზე / მხარდაჭერაზე. „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების/სასტუმროების შექმნისა და არსებული საწარმოს/სასტუმროს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. „აწარმოე საქართველოში – ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. „აწარმოე საქართველოში – ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.