GEO
ჩვენი წევრები
დიო
სრული წევრი

შპს ,,დიო’’-ს ისტორია 25 წლის წინ დაიწყო და დღეს კომპანია საქართველოში უპირობო ლიდერია კარ-ფანჯრების, ფარდა-ჟალუზების, საჩრდილობელი სისტემებისა და შემინვის სისტემების სფეროში. წლების წინ კომპანიის მთავარი მიზანი მომხმარებლებისათვის ჯერ კიდევ უცხო, ინოვაციური პროდუქციის – ჟალუზის – გაცნობა იყო, თუმცა მალევე „დიოს“ საქმიანობა გაცდა მხოლოდ ერთი ტიპის პროდუქტს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გუნდმა მაღალი რეპუტაციის მქონე, სანდო კომპანიის სტატუსის მოპოვებაც შეძლო. ქარხნები, ოფისები, ქვეყნის მასშტაბით არსებული სადილერო ქსელი, სხვადასხვა დასახელების პროდუქციის წარმოება – ეს მოკლე ჩამონათვალია იმ სერვისების, რომელსაც „დიო“ ადგილობრივ მომხმარებლებს სთავაზობს. მნიშვნელოვანი ისიც, რომ „დიო“ ბაზარზე ლიდერის პოზიციას იკავებს არა მარტო მაღალი ხარისხით, არამედ გამორჩეულად მაღალი კორპორატიული პასუხისმგებლობითაც და ცხადია, სწორედ ეს ქმნის კომპანიის იმიჯსა და სახელს, რომელიც ყველასთვის სანდოობასთან ასოცირდება.

ბედეგი
სრული წევრი

კომპანია „ბედეგი“ 1999 წელს დაარსდა და ამ დღიდან წარმატებულად ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. წლების განმავლობაში კომპანიამ შეძლო წარმოების გაზრდა და დივერსიფიცირება და ამიტომაც, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი აერთიანებს 36 დასახელების სამშენებლო პროდუქციას, როგორებიცაა: სამშენებლო ბლოკები, ბორდიურები, მოსაპირკეთებელი ფილები, ქვაფენილი და ა.შ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საწარმო ორიენტირებულია პროცესის დახვეწასა და თანამედროვე მიდგმების დანერგვაზეც და, შესაბამისად, ქარხანა სრულად აღჭურვილია დასავლურ ქვეყნებში დამზადებული და გამოცდილი დანადგარებით. „ბედეგის“ გუნდის მთავარი მიზანია მომხმარებლებს გამორჩეული ხარისხის პროდუქცია თუ მომსახურება შესთავაზოს. ამ მიზნის მისაღწევად წარმოებაში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული გამოიყენება, რომელიც პროფესიონალების ძალისხმევითა და შრომით იქცევა ერთ-ერთ სანდო და ხარისხიან პროდუქტად.

ბაზალტ ფაიბერს
სრული წევრი

ინოვაციური იდეის რეალიზება, რომელსაც დაახლოებით 30 წელი დასჭირდა. „ბაზალტ ფაიბერს” ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც 1998 წლიდან ფლობს ბაზალტის ტექსტილური ბოჭკოს წარმოებისთვის საჭირო უნიკალურ ტექნოლოგიას. გასული საუკუნის 90-იან წლებში ბაზალტის ძაფის საწარმოო დოკუმენტაციისა და საკუთარი ტექნოლოგიური მიგნებების საფუძველზე კომპანიის დამფუძნებლებმა დაიწყეს საწარმოს მშენებლობა რუსთავში, 1998 წელს კი მიიღეს პირველი ქართული ბაზალტის ტექსტილური ბოჭკოც. „ბაზალტ ფაიბერსი“ იმ იშვიათ ქართულ კომპანიებს მიეკუთვნება, რომლებიც არა მარტო ადგილობრივ ბაზარზე ცდილობენ თავის დამკვიდრებას, არამედ ბევრად მასშტაბური წარმატებისაკენ მიისწრაფვიან. ამის ნათელი მაგალითია ის ფაქტი, რომ 2008 წელს დამფუძნებლებმა წარმოება გერმანიაში გადაიტანეს. გაზრდილი მოთხოვნა მალევე აისახა საწარმოს შედეგებსა და საქმიანობაზე, მნიშვნელოვნად იმატა წამყვანი ქართული სამშენებლო კომპანიებისაგან მოთხოვნამ და დღეს უკვე „ბაზალტ ფაიბერსი“ გლობალურად კონკურენტუნარიანი კომპანიაა, რომელიც ბაზრის განვითარებასაც უწყობს ხელს.

აკუსტიკო
სრული წევრი

კომპანია „აკუსტიკო“ დაარსდა 2014 წელს, მაშინ, როდესაც საქართველოში არ არსებობდა აკუსტიკის სფეროში სპეციალიზებული კომპანია. დაარსების პირველივე დღიდან კომპანიის დამფუძნებლების და მთლიანი გუნდის მიზანი იყო მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ქვეყნის მასშტაბით აკუსტიკის სფეროს განვითარებაში. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ „აკუსტიკო“ ლიდერია ადგილობრივ ბაზარზე და ღირსეულ კონკურენციას უწევს მეზობელი ქვეყნების წარმომადგენელ აკუსტიკურ კომპანიებს. კომპანიის წამყვანი სპეციალისტები მუდმივად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრეინინგებში და ამიტომაცაა, რომ საპროექტო გუნდს გააჩნია სრული კომპეტენცია და დიდი პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნულ დარგში. 2014 წლიდან მოყოლებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „აკუსტიკოს“ გუნდმა დამოუკიდებლად გაართვა თავი უამრავ რთულ და საპასუხისმგებლო პროექტს და მომსახურების მაღალი ხარისხით, მისაღები ფასებითა და შეთანხმებული ვადების ზუსტი შესრულებით მოახერხა მომხმარებლების ნდობისა და ერთგულების მოპოვება.

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.